არდამდგარი შემოდგომის ნალეგენდარი

66c3930d04f0149f0c7c81fa80168f5c

რას ვაკეთებთ, როცა ჩვენი ბავშვობის სახლები ინგრევიან უხმაუროდ, ტორტმანით, მოულოდნელად, ერთი კარგად მოიქნევენ გავა-თეძოს და მიწას ენარცხებიან?! როცა საძირკველში მიაქვთ ჩვენი ბავშვობა, ჩვენი კიბიდან დაგორებები, ჩვენი ფეხის ადგმა, ჩვენი აივანზე ჯდომა და იქედან მანქანების თვლა, ჩვენი ფანჯრის რაფაზე შემოსკუპება და ბებოს გოგლი-მოგლის ლოდინი?!ჰო, რას ვაკეთებთ, როცა ჩვენი ჩვენში ფესვებგამდგარი, უსახური, არაკომფორტული, ძველი სახლები ინგრევიან?!

ჩვენ გავრბივართ, ფილტვების დასკდომამდე ვყვირით, ბღავილით ვიღვიძებთ, ოღონდ ჯერ ვფიქრობთ, ვიცოცხლოთ, მერე კი ნგრევის ხმა გვიხეთქავს ყურის ბარაბნებს.

იმ დანგრეული სახლის საძირკველშია ჩვენი ბავშვობა და ზეგ აგურები აყრია, ჩვენი წლების ნაგროვები სითბოთი გამომშრალი თიხისგან ნაკეთები, ზედ ბათქაში აყრია, შპალერები, მილიონჯერ ხელშენახები, მილიონჯერ  მოხატული.  ზედ ჩვენი ნივთები აყრია, ჩვენი ყოველდღიური გამოყენების ნივთები: ქვაბები, ტაფები, ლამაზყვავილებიანი თეფშების ნაფშვენები.

ის პიანინო, რომლის დალეწვასაც მთელი ბავშვობა ვნატრობდით, აღარ არსებობს, ასე უბრალოდ, ადგა და წაიქცა, დაიშალა. ისე, პირველად მან გაიგო ნგრევა, ჯერ ასე დაიწყო: „დო, რე, მი, ფა, სოლ, ლა, სი,“  მერე ისევ თავიდან „სი, ლა, სოლ, ფა, მი, რე, დო“  და ბოლოს სულის გამაყრუებლად აურია ნოტები ერთმანეთს.

რას ვაკეთებთ, თუ ვიცით, რომ არასდროს აღარ ვუამბობთ შვილებს იმ სახლების ამბებს?! არასდროს დავისვამთ მუხლებზე და მოვუყვებით, როგორ უხმაუროდ მიდიოდა ჩვენი ბავშვობა, როგორ ვიყვლეფდით მუხლებს, ვიტეხავდით თავებს, როგორ ავყავდით მამებს საძინებლებში ტელევიზორთან ჩაძინებულები, როგორ გვიყვებოდნენ ზღაპრულ ამბებს იმ კედლებში.

ჩვენ ვცხოვრობდით იმ სახლებში. ვცხოვრობდით, ვჭამდით:  ლობიოს, ბულიონს, ვსვამდით, ვიცინოდით, შიგადაშიგ ვტიროდით კიდეც, ცხოვრება სდუღდა და გადმოდუღდა. და იმ ბედნიერ და იშვიათად უბედურ სახლებში ყიდულობდნენ წიგნებს, ჭურჭელს და იმტვრეოდა ხანდახან ჩვენი საყვარელი ჩაის ფინჯნები.

იბადებოდნენ და იხოცებოდნენ თაობები და არავინ და არაფერმა იცოდა ჩვენი ყველა ტკივილი და ბედნიერება იმ სახლების გარდა, იმ კედლების გარდა, იმ სარკეების გარდა.

ვიბადებოდით და უხაროდათ სახლებს, გვსტუმრობდნენ იმ სახლებში, გვეფერებოდნენ, გვზრდიდნენ, გვსჯიდნენ, სკოლის დავალებებს გვასრულებინებდნენ და უხაროდათ იმ სახლებს, სახლებს, რომელთაგანაც მხოლოდ ნგრევის ხმაღა დაგვრჩა, სახლებს, რომლებიც ყელმოღერებულნი იდგნენ ჩვენი სიხარულითა და უბედურებით, სახლები, რომლებშიც იღუპებოდნენ ჩვენი მშობლების მშობლები და იმათი მშობლები, სახლები, რომლებიც ვერ მოესწრნენ ჩვენი მშობლების ბოლო ამოსუნთქვას, ჩვენს ბოლო ფიქრებს და სახლები, რომლებიც ვერ მოესწრნენ ჩვენს შვილებს.

რას ვაკეთებთ ჩვენ, როცა ჩვენი ბავშვობის სახლები ინგრევიან და საძირკველისკენ მიაქვთ ჩვენი ბავშვობაც, რას ვაკეთებთ  იმ სახლების გამოზრდილები, თუ ისევ ცოცხლები ვართ?! რას ვაკეთებთ, როცა ჩვენი ცხოვრების „მუდმივები“ არსებობას წყვეტენ?!

ჩვენ იმ სახლების უკანასკნელ ღმუილს ვიმახსოვრებთ და ბუღს, აგურის აგურზე მიხეთქების ხმა გვახსოვს და ყურებიდან არ ამოგვდის.

ჩვენ ვივიწყებთ სახლებს, ჩვენი ბავშვობის სახლებს, ვაშლის ნამცხვრის სუნიან სახლებს, ვივიწყებთ იქ მოსმენილ ზღაპრული ფასკუნჯების ამბებს,  ვცხოვრობთ, ვიცინით, ვტირით,ვჭამთ, ვსვამთ, შიგადაშიგ -ლუდს, სტაბილურად – წყალს და აღარ ვყვებით იმ სახლებზე და უიმსახლებოდ იზრდებიან ჩვენი შვილები.

ჰო, ვერ ვეტყვით შვილებს, რომ იმდენიც ვერ შევძელით, მკერდზე მიგვეკრა ჩვენი ერთგული, ბავშვობის სახლები და შენამდე მოგვეტანათქო, ვერ ვეტყვით შვილებს, რომ ყოველ ღამე გვესიზმრებიან ის სახლები და შველას გვთხოვენთქო, რადგან იქ არის ჩვენი თქვენტოლობათქო, ვერ ვეტყვით შვილებს, რადგან შვილებს იმედებს არ უცრუებენ, რადგან მათი ბავშვობის სახლები ახლა ჩვენს ხელშია. სახლები, რომელშიც ჩვენ უნდა დავიხოცოთ, სახლები, რომლებშიც ჩვენ უნდა დავაყენოთ ვანილის სურნელი, სახლები, რომელთაც ისე უნდა მოვექცეთ, არ გადაწყვიტონ თვითმკვლელობა.

და ნუ იქნებიან ეს სახლები კომფორტულები, ნუ გვექნება ამ სახლებში სულ საუკეთესო სადილები, ჩვენ მაინც მხოლოდ ერთად მომზადებული საჭმლის  სურნელს ვიმახსოვრებთ და იმ ქოთნის ყვავილებს ბებო სიყვარულით რომ დაჰფოფინებს, და ნურც უტკივილოები იქნებიან ეს სახლები, ნურც უსიკვდილოები, ჩვენ მაინც ვერ მოვყვებით ასეთ სახლებზე, რადგან ზედაპირულობა ცუდია, რადგან მხოლოდ ტკივილის დროს ვგრძნობთ ჩვენი არსებობის აუცილებლობასა და აზრს.

იცხოვრონ ჩვენს სახლებში ჩვენმა მშობლებმა, იმათმა მშობლებმა, აშენონ ეს სახლები ჩვენმა პაპებმა, ანდა თუნდაც სხვების პაპებისგან შეიძინონ. ჩვენ მაინც ასეთ სახლებს ვიმახსოვრებთ, ჩვენ თვალწინ წაქცეულ სახლებს.

და რას ვაკეთებთ, როცა ჩვენი ბავშვობის სახლები ინგრევიან?!

ამ სახლებზე ფიქრით ახალ სახლებს ვაშენებთ, რადგან ყველა ფიქრზე ადრე სიცოცხლეზე გვეფიქრება.

ჩვენ გვჭირდებიან სახლები უფრო მეტად, ვიდრე მათ ვჭირდებით ჩვენ, რადგან იქ არის ჩვენი ბავშვობა. ჩვენი უჩვენოდ ჩავლილი ბავშვობა, მოგონებებით ნაცხოვრები.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s