შეჭმული სევდა

და როცა უკვე გვარიანად გათენებული იყო, მის კარზე კაკუნი გაისმა,
ზლაზვნით წამოდგა, უფრო კი საკუთარ სხეულს ხელი ჰკრა, საწოლთან მიგდებული ფულეს პერანგი ნაბადივით მოიხვია და კართან მივიდა,
მეორე მხრიდან ხმაური ისმოდა, ვიღაცას მაინცდამაინც აქ გადაეწყვიტა ვიშვიში,
კრავაის გულმა სხვანაირად დაიწყო ცემა, მუცელი აუმხედრდა, ასე იყო ოდითგან, სძულდა ხმაური, სძულდა და აშინებდა,
სძულდა საკუთარი ხმაური და მეტად გულს უკლავდა – სხვისი,
მოსატეხად გამზადებულ ტოტად გრძნობდა თავს, გამხმარ ტოტად და უნდოდა ყურებზე ხელები აეფარებინა, სმენა დაქვეითებოდა, ოღონდაც არ გაეგო, როგორ უკაკუნებდნენ, როგორ უყვიროდნენ.
კარს ზურგით მიეყრდნო, ნელ-ნელა იატაკისკენ დაეშვა და პირველად დიდი ხნის შემდეგ საოცარი სიმშვიდე დაეუფლა, მარწყვის და ვანილის სუნი იგრძნო და მიხვდა ადრე თუ გვიან ყველაფერი მთავრდება, მათ შორის შიშიც, ხმაურის შიში, სიკვდილის შიში, ურთიერთობების შიში, სიბნელის შიში, საკუთარი მამის შიში.
ორქალაქელი იყო კრავაი ანუ სხვაგან დაიბადა, გაიზარდა და ახლა სხვაგან ცხოვრობდა,
კრავაის ძველ ქალაქში, კრავაის ძველი ქუჩის ასახვევის კუთხეში იყო ერთი პატარა საკონდიტრო, ძვირფასოს საკონდიტრო, მარწყვისსუნიანი საკონდიტრო, რამდენიმე მაგიდით და მუდამ მომღიმარი ფაშფაშა, ღიმილთვალა ძვირფასოთი.
მამა, კრავაის ჯმუხი, უხეში და ცუდი მამა დედისგან ყველა წყენის გამოსყიდვას ძვირფასოს ნაცხვრებით ახერხებდა.
კრავაის არშესაყვარებელი მამა ყოველ დღე ღალატობდა დედას და სხვა ქალის სუნი ასდიოდა კანზე, იმ სხვა ქალის თითები ემჩნეოდა ზურგზე, იმ სხვა ქალის ტუჩები ჰქონდა ყველგან, იმ სხვა ქალის კვნესა მიჰქონდა სხეულით და აიძულებდა კრავაის არდედამისთან ეცხოვრა,
ის სხვა ქალი მოჰქონდა, არდედამისი და ძვირფასოს მარწყვის ტორტი, ხანაც ალუბლის ან უბრალოდ შოკოლადის.
უპატიებელი დედამისი ძვირფასოს ბედზე ოცნებობდა, იცოდა, არასდროს მიჰკარებია მას სხვა, ვანილის და მარწყვის სუნის გარდა, თავად კი სხვა ქალის საშოს სუნს ვერ იშორებდა, სხვა ქალის ნერწყვის გემო გადმოედებოდა ქმრისგან, არშესაყვარებელი, ჯმუხი, უხეში, ცუდი ქმრისგან.
ძვირფასო უმასპინძლდებოდა კრავაის დაშაქრული მარწყვებით,
უფლებას აძლევდა ტორტის კრემში პირდაპირ თითი ჩაეყო და ისე აეტლიკა.
მაშინ, როცა არშესაყვარებელი მამა უპატიებელი დედისკენ სხვა ქალის სუნიან ხელს აღმართავდა, იწვა კრავაი გვერდით ოთახში, ყურებზე ხელებაფარებული და ლოცულობდა, ლოცულობდა, რომ ერთხელ ისე მოექნია კაცს ეს გამეხებული, უგრძნობი ხელი, რომ უპატიებელი მოეკლა და ყველაფერი დაესრულებინა,
იწვა კრავაი და მისი ოცნებები სიკვდილებში იფლანგებოდნენ, ჯერ იმ სხვა ქალის სიკვდილზე ოცნებობდა, მერე სკოლაში ვიღაცამ წამოაძახა: მამაშენს საყვარელი დასასვენებლად გაუშვია და შენ ზაფხული ამ ქალაქში რატომ გაატარეო,
შეეშვა იმ ქალის დამთავრებაზე ოცნებას, მიხვდა, მისი ყოფნა არყოფნა ვერაფერს ცვლიდა, მამა გამეტებით იქნევდა ხელებს, ხან გაშლილს, ხანაც მუშტად.
შემდეგი ოცნება ამ უხეში, ჯმუხი, ტლანქი, ცუდი მამის სიკვდილი იყო, ერთი ფიქრი ისიც იფიქრა, ცოდვას ხომ არ ჩავდივარ, ამას რომ ვფიქრობო, ცდილობდა ჩუმად ეფიქრა, ღმერთისგან ჩუმადაც, ძველებურად უღიმოდა მამას, ძველებურად უჯერებდა, ეგზავნებოდა სიგარეტზე და უკრავდა მისთვის.
არ იქნა და არ მოკვდა მამამისი,
ჯმუხი მამამისი,
სკოლიდან სახლში მიმავალი ფიქრობდა ერთხელ, ნეტავ მამაჩემი არ დამხვდეს და მითხრან, რომ მოკვდა მამაჩემი, აღარ არის მამაჩემი, არც ყოფილა მამაჩემიო და რაღაცას ფეხი წამოკრა, როგორც მერე იმ ჯმუხმა კაცმა თქვა, ცხვირ-პირი გაიერთიანა და შეეშინდა კრავაის, მართალი ხომ არ არის მასწავლებლის მოყოლილი ამბავიო, სხვას რომ ცუდს უსურვებ, თავად დაგიბრუნდებაო და ფიქრობდა საბრალო, პატარა, ღვთის სახელით ფიქრებ, ოცნებებ გაროზგილი გოგო, რომ დასაჯა ღმერთმა, დასაჯა იმიტომ, რომ ვერ შეძლო და ვერ შეიყვარა ცოცხალი მამა, ვერ შეძლო და ვერ შეეჩვია დღეგამოშვებით მის ღრიალს, მოქნეულ ხელს და სუნს.

ის ის იყო მამამისის სიძულვილი დაასრულა კრავაიმ, რომ ძვირფასოს ამბავი გაიგო, კიბოს ამბავი, თურმე არსებობს ასეთი რაღაც, რაც კეთილ ადამიანებს ემართებათ ხოლმე, ძვირფას ადამიანებს ემართებათ ხოლმე და არავის სხვას და დნებიან მერე ის ადამიანები, იჭმებიან, იკოპლებიან და ჩადიან მიწაზე დაბლა, ადიან ცაზე მაღლა და რაღაც გადაულახავ საბურველს იხურავენ, ჭიებით დაჭმულ კაბას იცვამენ და მაინც იმათი კუბოებიდან ვანილის სუნი იფრქვევა,
შეეშინდა კრავაის, საკუთარი ფიქრის შეეშინდა, საკუთარი სევდის შეეშინდა, იმის შეეშინდა, რომ დედამისი ცხოვრობდა და ყოველ დღე რეცხავდა სხვა ქალის სუნიან მაისურებს, სხვა ქალის სუნიან კაცთან იწვა, სხვა ქალის სუნიან კაცს აჭმევდა, ხალიჩად ეგებოდა, სხეულს წირავდა, სულს სწირავდა, შვილს სწირავდა, ძვირფასო კი იწვა მიწაში, ჭიები ჭამდნენ და იქაური სიცივე ძვლებს უყინავდა.
მოკვდა ძვირფასო და კრავაიმ დედა შეიძულა, თითქოს, მისი ბრალი ყოფილიყო რამე, თითქოს მის მაგიერ წაიყვანეს ძვირფასო.
კიდევ ერთი ბავშვობის ოცნება გააცდინა სიკვდილის ნატვრაში, დედის სიკვდილს ნატრობდა,
ძვირფასოს წასვლიდან 4 დღეში არშესაყვარებელ, ჯმუხ, ცუდ მამას არდედამისის საწოლში გული გაუჩერდა და გაუხარდა კრავაის…
უბრალოდ გაუხარდა კი არა, სიხარულით ცას ეწია,
იჯდა უპატიებელი, შეძულებული დედამისი და თავის კაცს გლოვობდა, იჯდა უბედური დედამისი და სიტყვა არ წამოსცდენია, რომ დაისვენეს, რომ ასე სჯობდა. ისე ტიროდა, გეგონებოდა, არასდროს უგრძნია იმ გამეხებულ, ცივ კაცზე სხვისი სუნი, თითქოს არასდროს მოხვედრია იმისი მუშტი და იჯდა კრავაი და დედის სიკვდილის გლოვობდა, უპატიებელი დედის, ყველაფრის მპატიებელი დედის, ძვირფასოს ტიროდა, მკვდარი იყო ძვირფასო, იმის კოპლებიან კაბას ჭიები ჭამდნენ, დედამისს კი ძაძა ეცვა და სხვასთან საზიარო კაცს ტიროდა, უხეშ, ჯმუხ, არშესაყვარებელ კაცს.
ადამიანები მოდიოდნენ, გულში იკრავდნენ კრავაის, ობოლ კრავაის და მამის სიკვდილს უსამძიმებრებდნენ
მას კი სიკვდილამდე ეშინოდა, რომ ჰგავდა დედას, იყო მასსავით უემოციო, მასსავით უყველაფრო და შეძლებდა საკუთარი კაცისგან, შეუყვარებელი დედასავით , შეესუნთქა სხვა ქალები.
ვეღარ გაძლო იმ სახლში და გაიქცა, კალთაშეძულებულ დედას გაექცა და ეშინოდა ბავშვობის შემდეგ ხმაურის და ყურებზე ხელებს იფარებდა თუ ვინმე ხმას აუწევდა, ხელს აიქნევდა თუ ვინმე ხელს უცნაურად აწევდა, თავს დახრიდა, თუ ვინმეს განრისხებულ სახეს შეამჩნევდა, ტიროდა, თუ სხვას უყვიროდნენ, ტიროდა, თუ მას უყვიროდნენ და დიდდებოდნენ მდინარეები მის გამო და ირეცხებოდა მისი მეზობლის, იმ უცნაური კაცის, რემონტი გამუდმებით,
პირველად, დიდი ხნის შემდეგ, იგრძნო კრავაიმ, რომ დიდი ხნის შემდეგ, მაგრამ მაინც გაიმარჯვა შიშზე, ვერ შეჭამა შიშმა, ვერც ხელები შეუბოჭა, ვერც გული გაუწვრილა, იგრძნო კრავაიმ, სახლში იყო, ვერავინ უყვირებდა, ვერავინ სცემდა, ვერავინ უღალატებდა, არ ჰგავდა დედას, არ ჰგავდა მამას და არც იმ ქალს ჰგავდა, არასდროს რომ არ უნახავს, მაგრამ მისი სუნი უგრძნია, ქუჩაში უგრძნია მას შემდეგაც და სუნთქვა შეკვრია, გული გაჩერებია. არ ჰგავდა არავის, ის იყო კრავაი, ცოტა შეშინებული კრავაი, ხის თოფიანი კრავაი, ომში ხის თოფით მიმავალი კრავაი და სჯეროდა, თოფმა კი არა საკუთარმა თავმა გაამარჯვებინა სევდაზე, ბავშვობის ამბებზე, აყროლებულ მოგონებებზე.
კარს მიყრდნობილი იჯდა,
ნელა ჩამოუშვა ხელები ყურებიდან და ტორტმანით წამოდგა,
ჩამოუშვა ხელები ყურებიდან და შეეგუა, რომ ხმაურიანია სამყარო, ისწავლა, იმ წამს ისწავლა, რომ არაა საშიში ხმაური, ზოგჯერ სიჩუმე უფრო საშიშია და საერთოდაც, აღარ უნდა დაჰყოს კრავაიმ ყველაფერი საშიშად და არასაშიშად.
კარზე ვიღაც გამეტებით აკაკუნებდა და თან ვიშვიშებდა,
მშვიდი მოძრაობით გადააბრუნა გასაღები კრავაიმ,
და გაუღო კარი დანარჩენ სამყაროს,
სხეულიდან მოკვეთილ ცხოვრებას გაუღო კარი.
იდგა კართან შუახნის ქალი ხალათით, გულში კატა ჩვილი ბავშვივით ჩაეხუტებინა და სრულიად დაცლილი თვალებით ელოდა კრავაის, თან რაღაცას ბუტბუტებდა.
თვალები გაუნათდა კარის მაკაკუნებელს, სწრაფი მოძრაობით ოთახში შევარდა. ისე რომ კატა არ შერხეულიყო, კრავაის მხარზე ხელი დაადო და უთხრა:
– წამალი უნდა გქონდეს, გოგო, კუჭის წამალი აურელიანოსავით, არ უნდა მოკვდეს ჩემი აურელიანო, არ შეიძლება იხოცებოდნენ ისინი, ვინც გვიყვარს, ვინც არ გვიყვარს იმათ, რაც უნდათ ის უქნიათ, გოგო!
კრავაიმ არ იცოდა რა ექნა, ინსტინქტურად საკიდიდან ქურთუკი ჩამოხსნა, ჩანთას ხელი დაავლო და უკვე კიბის ნახევარი ჩარბენილი ჰქონდა, რომ მოიძახა:
– ახლავე დავბრუნდები.

 

დაალევინეს აურელიანოს წამალი და ისხდნენ და ელოდნენ, ისხდნენ და განაჩენივით ელოდნენ, მოიცოცხლებდა თუ არა.
მეშინიაო, არ მოკვდესო აურელიანოო, როცა ყველა დაიხოცაო დროში კი არა ადამიანურადო, იმ კატამ მასწავლა თავიდან სიცოცხლეო, – ჩუმად ამბობდა მეზობელი ქალი, თითქოს მისი სხეულის არც ერთი კუნთი არ ირხეოდა, რომ აურელიანოს არ შეღვიძებოდა, თავი ცუდად არ ეგრძნო, თითქოს ეს ხმა რათასგან კი არა სხვა მხრიდან, სხვა არსებიდან, სხვა პირიდან მოდიოდა,
არ უნდა მოკვდესო, – ეთანხმებოდა კრავაი.
მთელ ღამეს უვლიდნენ აურელიანოს კრავაი და რათა, მთელ ღამეს იჯდა კრავაი და გულში ქალის სანუგეშო სიტყვებს იმეორებდა: „ცხოვრება გრძელდება, ქალბატონო“, „ახალ კატას მოიყვანთ, ქალბატონო“, „ აგერ უკვე მე გყავართ, ქალბატონო“, „იტირეთ, ქალბატონო, აგერ ცრემლი მოიწმინდეთ, ლიმონიანი წყალი დალიეთ, დაისვენეთ, ქალბატონო“,
ის კატა, აურელიანო, კი ადგა და გაცოცხლდა,
ისევ ჩაერეცხა რემონტი ქვედა მეზობელს კრავაის ცრემლებით, სიხარულის ცრემლებით, იდგა რათა და ეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგადაა, ლიმონიან და შაქრიან წყალს ასმევდა და გულში იკრავდა და კრუტუნებდა აურელიანო, დგებოდა ნელი ზლაზვნით, როგორც მხოლოდ კატებს შეუძლიათ და ფეხებზე ეფერებოდა კრავაის.
და დიდდებოდნენ მდინარეები ცრემლებით და კრავაიმ არ იცოდა, რა უნდოდა,
მაგრამ იცოდა, რომ აღარ ეშინოდა.
შიშები დაიხოცნენ,
იცოდა და ზეიმობდა მისი აქამდე ულხინო სულით.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s