შახტა-ოფისები

Capture.PNG

 

რამდენიმე დღეა, მუდმივად  მეშახტეებზე ვფიქრობ  და ვცდილობ  დავიჯერო, რომ ეს სხვისი ამბებია, სამწუხარო ამბები, მტკივნეულიც, მაგრამ სულ ერთი-ორი საათის სევდაა, თუ შენ არ შეგემთხვა, თუ მამაშენი არ ჩავიდა მიწაზე დაბლა, მოკლედ, თუ პირდაპირ არ გეხება, იმ მომენტის სევდაა, როცა Facebook-ს სქროლავ და ერთ რიგით სიახლედ გთავაზობენ ამბავს, თუ როგორ იხოცებიან ადამიანები საკუთარ სამსახურებში, შეცოდების და ვაი-ვიშის შემდეგ ცოტა ბრაზი გაწვება, ბრაზი რომ ვერაფერს ცვლი, ბრაზი რომ შენი სახელმწიფო საკუთარ უპირველეს მოვალეობას არ ასრულებს, მერე კი, როგორც ყველა ამბავი, ეგეც დავიწყებას ეძლევა, ეგეც სტატისტიკა ხდება და მსხვერპლებსაც, სიცოცხლეში სახელ-გვარიანებს, ხასიათიანებს, სიხარულიანებს, ტკივილიანებს, მხოლოდ რიგითობაღა რჩებათ, მსხვერპლი ნომერი მეოცე, ოცდამეერთე და ა.შ.

სინამდვილეში კი, ყველას გვიმუშავია შახტაში, მათ შრომას ჩვენი შახტა-ოფისების შრომას არ ვადარებ, მაგრამ ხომ იცით, ყველას თავისი მაქსიმუმი აქვს, ჩვენი შახტები სხვანაირია, აქ შენი ფიზიკური სიკვდილი ნაკლებად სჭირდებათ და ვერც იმას იტყვი, რომ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, მაგრამ თავი მონად გიგრძნიათ?

გიგრძნიათ რომ ისინი, შახტის უფროსები, თქვენს ადამიანურ საწყისს მუდმივად უგულებელყოფენ?

უთქვამთ, შუაღამეზე რომ გაგაღვიძონ სამსახურზე კითხვებს უნდა უპასუხოო?

თქვენი საუბრები თუ უკონტროლებიათ?

თუ ამ კითხვებიდან ერთზე მაინც დადებითი პასუხი გაქვთ, თქვენც მეშახტე ხართ, თქვენი შახტა ოფისები გტაცებენ დროს, რომელიც შვილებთან უნდა გაატაროთ, გართმევენ საშუალებას ავად გახდეთ, გაიძულებენ მუდმივ სტრესში იცხოვროთ, შეურაცხყოფას გაყენებენ და მაინც თქვენ მეშახტე ნომერი 21 სხვა გგონიათ.

ერთგან ვმუშაობდი, ერთხელ განგვიცხადეს შვებულების დღეები უნდა შევამციროთ, კომპანიას უჭირსო, ასე ადგნენ და კანონი შეცვალეს, თავის კანტორაში სახელმწიფოს “უზენაესი” წესდება შეცვალეს, ეგ კიდევ არაფერი, ამაზე უარესებიც გაუკეთებიათ, ერთხელ მითხრეს, შენი თმის ფერი არ მოგვწონს და ცოტა “პარიადკაში” მოდიო, სამუშაო საათები, რომ 8ზე მთავრდება, გასვლაც 8ზე არ უნდა ფიქსირდებოდეს, კომპიუტერის გამორთვას, ხომ დრო უნდაო, ასეთი ამბები ბევრია,

ეგ კი არა, ისიც მინახავს და გამიგია, რომ ჩვენ, მეშახტეები, ოფისის მეშახტეები ერთმანეთს არ უნდა ვემეგობრებოდეთ,

და დავდიოდი ასეთ შახტებში, დავდიოდი კი არა, საკუთარ სხეულს მივათრევდი,

და იცით, რა ემართებათ ასეთ მეშახტეებს, ვერ ხვდებიან, რომ მეშახტეები არიან, არის მომენტები, როცა გახსენდება, რომ აქ არ უნდა იყო, რომ ეს შენი შახტა არ არის, როცა ხვდები, რომ არ არის ნორმალური გაიძულებდნენ იცხოვრო იმისთვის, რომ იმუშავო, მაგრამ მერე ისევ შახტაში ჩასვლა გიწევს. ძალიან რთულია ასეთი შახტები დატოვო, ფინანსურს რომ შევეშვათ, ფსიქოლოგიურადაა რთული, ადგე და თქვა, რომ მიდიხარ და შენმა შახტის უფროსმა მოგაპყროს თევზის თვალები და ითამაშოს გაკვირვებული მენეჯერის როლი, განა სამოთხიდან მიდიან?!

და სად არის სახელმწიფო? არსებობს კი საერთოდ?

მონომის არ იყოს, იმდენად არასდროს მიგრძნია სახელმწიფოს დახმარება, ზრუნვა ან რაც ჰქვია, რომ არც კი ვიცი, რა უნდა გააკეთოს, ნორმად მეჩვენება, რაც ხდება.

მეშახტეობა რთული პროფესიაა, როცა შახტაში ჩადიხარ, იცი, რაც არ უნდა დაცული იყოს ყველა ნორმა, მაინც შანსია, რომ ჩახვიდე შახტაზე დაბლა, მაგრამ მასიური მკვლელობაა, სახელმწიფომ იცოდეს, რომ სადღაც, აქ, ამ ქვეყანაში არსებობს დამქირავებელი, რომელიც ართმევს დაქირავებულს სიცოცხლის უფლებას და არაფერს აკეთებდეს,

დანაშაულია, გქონდეს შრომის კანონმდებლობა და სავსებით ფეხებზე გეკიდოს, როგორ სრულდება იგი.

სამაგიეროდ მათ, ვინც ჩვენზე უნდა ზრუნავდეს, ჩვენს უფლებებს იცავდეს, აქვთ სიცოცხლისა და ბედნიერი სიბერის გარანტიები,

და ჩვენი სიცოცხლე და ჩვენი არსებობა სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოა,

ჩვენ ყველანი ვყოფილვართ მეშახტეები, ზოგს გაგვიმართლა, ზოგს – არა.

სახელმწიფო არათუ არ ასრულებს თავის მოვალეობებს, სახელმწიფო სრულებითაც არ არსებობს, არარსებულს კი საყვედურებს არავინ ეუბნება.

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s